მეფუტკრეობის პროდუქტებიდან, რომლებიც სამკურნალო მიზნებით გამოიყენება, აღსანიშნავია პროპოლისი, ფუტკრის ცვილი და ფუტკრის შხამი.
1. პროპოლისი (ფუტკრის წებო)
პროპოლისი შეუცვლელი სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებაა. 1964 წელს ფრანგმა მკვლევარებმა (რ. დავი და რ.ბარბიე)პროპოლისიდან გამოყვეს 3,5,7-ტრიოქსიფლავონი, რომელიც ძლიერი ბიოლოგიური აქტიურობით გამოირჩევა. ჩეხოსლოვაკელმა მკვლევარებმა ი. ჩიზმარიკმა და ი. მატელმა 1976 წელს დაადგინეს კოფეინისა და ფერულის მჟავების არსებობა, რომლებიც ხასიათდებიან ძლიერი ანტიბაქტერიალური აქტივობით. კვლევის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ბუნებრივი ნაერთების ქიმიის ინსტიტუტში (მოსკოვი) 1979 წელს ს. პოპრავკომ ჩაატარა პროპოლისის ფუნდამენტალური გამოკვლევები. მის შემადგენლობაში იდენტიფიცირებული იყო 22 სხვადასხვა შენაერთი. დამტკიცდა, რომ პროპოლისის ბიოაქტივობის ძირითადი წყარო მცენარეებიდან გამოყოფილი ფიტონციდებია. დადგენილია, რომ პროპოლისის ძირითად სამკურნალო კომპონენტს წარმოადგენენ ფლავონოიდები, რომლებიც მისი აქტიური შემადგენლობის 25% შეადგენენ. პროპოლისი შეიცავს რიგ ორგანულ ნაერთებს (კოფეინის, ფერულის, ბენზომჟავებს, უმაღლეს ცხიმმჟავებს, ზოგიერთ მათ სპირტებს, ფენოლებს, ალდეჰიდებს და ეთერებს), მნიშვნელოვანი რაოდენობით მინერალურ ნივთიერებებს. მათ შორის: მანგანუმს, თუთიას, ბარიუმს, ტიტანს, სპილენძს, ნიკელს, კობალტს, ქრომს, კალციუმს, მოლიბდენს, ალუმინს. ვიტამინების შემცველობა პროპოლისში არაა დიდი და საკმაოდ ცვალებადია.იდენტიფიცირებულია შემდეგი ვიტამინები: B1, B2, B6 ,C, E, ნიკოტინისა პანტოტენის მჟავები. დადგენილია ამინომჟავებისა და უჯერი ცხიმოვანი მჟავების არსებობა, რომლებიც გამოიყოფიან ფუტკრების სანერწყვე ჯირკვლების მიერ და ხვდებიან პროპოლისში მცენარეებიდან მისი აღებისას. ვ. კოვალკინამ 1948 წელს გამოიკვლია პროპოლისის აქტიურობა მიკროორგანიზმების 74 შტამის მიმართ,რომლებიც მიეკუთვნებიან 19 სახის პათოგენურ და არაპათოგენურ ბაქტერიებს.პროპოლისს ახასიათებს გამოხატული ბაქტერიოციდული და ბაქტერიოსტატიკური მოქმედება. ბაქტერიოციდულ თვისებებს პროპოლისი ავლენს ტუბერკულოზურ, სალმონელოზურ, ტიფოზურ და სხვა დაავადების წარმომქმნელ ბაქტერიებზე.ექსპერიმენტულად და კლინიკურად დადგენილია პროპოლისის მიკოზისსაწინააღმდეგო მოქმედება. ის ხასიათდება აგრეთვე ვირუსისსაწინააღმდეგო მოქმედებით. პროპოლისი აუვნებლებს ტოქსინებს. დადგენილია მისი გამოხატული მაანესთეზირებელი მოქმედება.
2. ცვილი
ცვილი წარმოიქმნება ცვილის ჯირკვლებში. ის ძირითადად გამოიყენება ფიჭების ასაგებად. მას აქვს ღია ყვითელიდან ყავისფერამდე შეფერილობა და ძალიან სასიამოვნო სუნი. ცვილი ლღვება 62-720 C ტემპერატურაზე. დადგენილია, რომ ცვილი წარმოადგენს რთული ეთერების ნარევს, რომლებიც შედგებიან უმაღლესი ცხიმმჟავებისა და უმაღლესი ცხიმოვანი სპირტებისაგან (70-75%). მცირე რაოდენობით შეიცავს უჯერ და ნაჯერ ნახშირწყლებს (11-17%), თავისუფალ ცხიმმჟავებს (12-15%), თავისუფალ სპირტებს, მინერალურ ნაერთებს, მღებავ და არომატულ ნივთიერებებს. ცვილში არის სხვადასხვა ვიტა-მინები, განსაკუთრებით ბევრია A ვიტამინი. ცვილი ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ღრძილების გამამაგრებელი ეფექტით, გამოიყენება გაციების დროს ინჰალაციისათვის. ფუტკრის შხამი- სიროფისმაგვარი მოყვითალო სითხეა თავისებური სუნით და მომწარო გემოთი. ის უნდა ინახებოდეს ჰერმეტულად დახურულ მუქ ჭურჭელში დაბალ ტემპერატურაზე (100C).
3. ფუტკრის შხამი
ფუტკრის შხამს რთული ქიმიური შედგენილობა აქვს. ის შეიცავს ცილებს (მათ შორის ბევრია ფერმენტები), პეპტიდებს, ბიოგენურ ამინებს (ჰისტამინს, დოფამინს, ნორადრენალინს), აცეტილქოლინს, ლიპიდებს, მინერალურ ნივთიერებებს, შაქრებს, მჟავებს და სხვა ნივთიერებებს. ის აღიზიანებს ნერვულ დაბოლოებებს, მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას. მცირე დოზებით ფუტკრის შხამი იწვევს სისხლის წნევის დაწევას.
4. ფუტკრის თაფლი, ფქილი, ჭეო და ფუტკრის რძე
სამკურნალო-კვებითი თვისებების მქონე მეფუტკრეობის პროდუქტები (ფუტკრის თაფლი, ფქილი, ჭეო და ფუტკრის რძე) შეიცავენ ადამიანისათვის აუცილებელ ყველა საკვებ ნივთიერებას: ნახშირწყლებს, ცხიმებს, ცილებს, ვიტამინებს და მინერალურ ნივთიერებებს. მათი ბიოლოგიური ღირებულება განპირობებულია ფერმენტების, ამინომჟავების, ვიტამინების და მინერალური მარილების მდიდარი შემცველობით, რომლებიც ადვილად შეითვისებიან ორგანიზმის მიერ და ასრულებენ ნატურალური მედიკამენტების როლს. ამ კომპონენტების უმეტეს ნაწილს ფუტკრები იღებენ მზა სახით სამკურნალო მცენარეებიდან. ფარმაცევტული პრეპარატებისაგან განსხვავებით, მეფუტკრეობის პროდუქტებში სამკურნალო ნივთიერებები იმყოფებიან ბუნებრივ და ბიოლოგიურად აქტიურ მდგომარეობაში. გარდა ზოგიერთი დაავადების პრფილაქტიკისა და მკურნალობისა, ორგანიზმის საერთო გაჯანსაღებისა და მისი ბრძოლისუნარიანობის გაზრდისა,
5. თაფლი
სამკურნალო-კვებითი თვისებების მქონე მეფუტკრეობის პროდუქტები, განსაკუთრებით თაფლი, წარმოადგენენ მნიშვნელოვან რგოლს თანამედროვე გარემომცველი არის არასასურველ ფაქტორებთან ბრძოლაში. თაფლი ქიმიური შედგენილობით ძალიან რთული პროდუქტია, რომელიც შეიცავს 300-მდე სხვადასხვა კომპონენტს. წყლის შემცველობა თაფლში 15-დან 23%-მდეა. თაფლის ძირითად ნაწილს შეადგენენ შაქრები (გლუკოზა, ფრუქტოზა, მალტოზა, ტრეგალოზა, საქაროზა და სხვ.), რომელთა წილზე მოდის თაფლის მშრალი ნივთიერებების დაახლოებით 95%. აზოტოვანი ნივთიერებები თაფლში წარმოდგენილია ცილებით და ცილოვანი ნაერთებით. მათი უმრავლესობა ფერმენტებია (ინვერტაზა, დიასტაზა, α- და β-ოქსიდაზა, კატალაზა, გლუკოზოოქსიდაზა და სხვ.). ისინი თაფლში ხვდებიან ძირითადად ფუტკრის სანერწყვე ჯირკვლებიდან. თაფლი შეიცავს აგრეთვე ზოგიერთ ორგანულ მჟავებს (ვაშლის, რძის, ძმრის, ლიმონის, ღვინის და სხვ.), მღებავ ნივთიერებებს და ეთერზეთებს, აგრეთვე თითქმის ყველა მიკროელემენტს, კერძოდ, ნატრიუმს, კალიუმს, მაგნიუმმს, თუთიას, მანგანუმს, რკინას, ქრომს და კობალტს. ვიტამინები თაფლში ბევრი არაა. მათი რაოდენობა დამოკიდებულია პროპოლისისა და ფქილის მინარევებისაგან. სწორედ ისინი განსაზღვრავენ თაფლის ბევრ სამკურნალო თვისებას. ისინი ზრდიან სისხლძარღვების სიმტკიცეს და ელასტიურობას, ხასიათდებიან ანთებისსაწინააღმდეგო და ათეროსკლეროზის-საწინააღმდეგო მოქმედებით. თაფლის არომატი განპირობებულია 120-ზე მეტი ქიმიური ნაერთის არსებობით, რომელთა შორისაა: სპირტები, ალდეჰიდები, რთული ეთერები, ოქსიმეთილფურფუროლი და სხვ. ადამიანის ორგანიზმზე სამკურნალო ზემოქმედებას ახდენს თაფლის როგორც ცალკეული კომპონენტები (შაქრები, ფერმენტები, ანტიბიოტიკები, ამინომჟავები, ფლავონოიდები, ვიტამინები), ასევე მათი კომპლექსი. თაფლის შაქრები აღწევენ რა სისხლში, წარმოადგენენ ენერგიის ძირითად წყაროს კუნთებისათვის, გულისა და ნერვული სისტემისათვის. თაფლის ფერმენტები ხელს უწყობენ ორგანიზმის საჭმლის მომნელებელ პროცესებს. ვიტამინები მოქმედებენ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის შუალედურ პროცესებზე და ხელს უწყობენ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მუშაობას. თაფლს გააჩნია ანტიმიკრობული და ლპობისსაწინააღმდეგო თვისებები. თაფლი ანტიბიოტიკურად მოქმედებს ზედა სასუნთქი გზების ინფექციების გამომწვევ მიკროორგანიზმებზე, აგრეთვე თრგუნავს ნაწლავთა ბაქტერიულ ინფექციებს, მაგალითად, დეზინტერიას. თაფლი ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, მასში არსებული ორგანული მჟავები აღიზიანებენ ქსოვილებს, აძლიერებენ სისხლის მიმოქცევას და ლიმფის სეკრეციას. თაფლის შაქრები და ვიტამინები აუმჯობესებენ ტოქსინების გამოყოფას. თაფლი დადებითად მოქმედებს ანთებით პროცესებე თირკმელებში და შარდის ბუშტში. ის დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე; დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვთა კვებაში. ფუტკრის ფქილი – ეს არის ყვავილის მტვრის ნაწილაკების ერთობლიობა. ყვავილის მტვერი შეიცავს მაღალი ბიოლოგიური ღირსების მქონე ნივთიერებებს, კერძოდ, ახალი ფქილი შეიცავს: ცილოვან ნივთიერებებს (22-40%), ნახშირწყლებს (30-60%)-ძირითადად გლუკოზას და ფრუქტოზას, ლიპიდებს, ვიტამინებს: C B1,B2,B5,B6,B8, ფოლის მჟავას, ბიოთინს, ტოკოფეროლს, პროვიტამინ A-ს (ორგანიზმში გარდაიქმნება A ვიტამინად), D ვიტამინს, ფერმენტებს: ამილაზას, ინვერტაზას, კატალაზას, ფოსფატაზას და სხვ., ანტიბიოტიკებს, მინერალურ ნივთიერებებს- ყველაზე მეტია კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი და მაგნიუმი. მინერალური მარილები ფქილში მეტია, ვიდრე თაფლში. შეიცავს აგრეთვე ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს- 0,60-4,87% ნუკლეინის მჟავებს, ფენოლურ ნაერთებს- ფლავონოიდებს და ფენოლომჟავებს. ეს არის ნივთიერებათა ჯგუფი, რომელთაც ახასიათებთ ადამიანის ორგანიზმზე მოქმედების ფართო სპექტრი- კაპილარების გამამაგრებელი, ანთების საწინააღმდეგო, ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო, რადიო-დამცავი, დაჟანგვის საწინააღმდეგო, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მასტიმულირებელი. ფუტკრის რძე რთული ბიოლოგიური პროდუქტია. ის შეიცავს ცოცხალი ორგანიზმის მშენებლობისათვის საჭირო ყველა ძირითად ნივთიერებას: ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს, აგრეთვე ვიტამინებს, მინერალურ მარილებს, ჰორმონებს და ფერმენტებს. მასში აღმოჩენილია 22 ამინომჟავა (არგინინი, გლიცინი, ცისტეინი, ჰისტიდინი, ლიზინი, ვალინი, ლეიცინი, იზოლეიცინი, თრეონინი, სერინი, მეთიონინი, გლუტამინის მჟავა, ტრიფტოფანი და სხვ.). ფუტკრის რძის ცილები მდიდარია შეუცვლელი ამინომჟავებით და ამიტომაც სრულფასოვანი არიან. მასში ბევრია C, B1, B2, B5, B6, B8 ვიტამინები, ბიოთინი, ფოლის მჟავა, ინოზიტი და ნაკლები- A, D, E ვიტამინები. ფუტკრის რძე შეიცავს 5,46% ცხიმებსა და 12,7% ნახშირწყლებს. მიკროელემენტებიდან საინტერესოა რკინა, მანგანუმი, თუთია და კობალტი, როგორც ნივთიერებები, რომლებიც აუცილებელია სისხლის წარმოქმნისათვის. ფუტკრის რძის შემადგენლობაში შედიან აცეტილქოლინი, ქოლინესტერაზა, საჭმლისმომნელებელი ფერმენტები, ჰორმონები და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები – საერთო რაოდენობით 3,9%. ფუტკრის რძე ახდენს მასტიმულირებელ მოქმედებას უმაღლეს ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს მეხსიერებას და მხედველობას, ამცირებს შაქრის შემცველობას სისხლში დიაბეტით დაავადებულებში. იგი წარმატებით გამოიყენება 54 დაავადების მკურნალობისას. მათ შორისაა ბრონქიალური ასთმა, ქრონიკული ყაბზობა, ნევროზები, ღვიძლის დაავადებები, კლიმაქსური დარღვევები, უმადობა და სხვ.
6. ფუტკრის ფქილის დახასიათება და ქიმიური შედგენილობა
უხსოვარ დროიდან სხვადასხვა დაავადებათა პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის გამოიყენება მეფუტკრეობის პროდუქტები: თაფლი, პროპოლისი, ფუტკრის რძე, ფუტკრის შხამი, ფქილი, ცვილი და სხვა, რომელთა საკვებ და სამკურნალო თვისებებს განაპირობებს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა მაღალი შემცველობა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმის გამაჯანსაღებელ პროცესებში. ეს ნივთიერებები წარმოდგენილია ვიტამინებით, ფერმენტებით, ამინომჟავებით, ჰორმონებით, ანტიბიოტიკებით. ისინი ასრულებენ ნატურალური წარმოშობის წამლის როლს. ადვილად შეითვისებიან და ხანგრძლივად გამოყენების პირობებში, მცირე დოზებითაც კი, შესწევთ ადამიანის ორგანიზმში დაგროვების უნარი ფიზიოლოგიური ზემოქმედებისათვის საჭირო რაოდენობით. ფქილის შემადგენლობა დამოკიდებულია მცენარეებზე, რომლიდანაც ის არის შეგროვებული. ჩვენ კვლევისათვის გამოვიყენეთ ფიჭვისა და ნაძვის ყვავილობის პროცესში შეგროვებული ფუტკრის ფქილი და შევისწავლეთ კომპონენტური შემადგენლობა: ცილოვანი ნივთიერებები – 25, 5%; გლუკოზა – 19,5 %; ფრუქტოზა – 22,1 %; ლიპიდები – 0,68 %; მინერალური ნივთიერებები (ნაცროვანი ელემენტები) – 0,85 %; ნუკლეინის მჟავები – 2,12 %; ვიტამინები: B1, B2, B5, B6, B8, β-კაროტინი (პროვიტამინი A); D; რუთინი (P ვიტამინი), რომლის რაოდენობა აღწევს 64 მგ 100 გ ფქილზე (Уроженко О.А., 2003). ფქილის ცილოვანი ნივთიერებები შეიცავენ ამინომჟავათა სრულ სპექტრს. თავისი ბიოლოგიური ღირსებით ფქილის ცილა სჯობნის რძის კაზეინს, რომელიც არის ერთ-ერთი სრულფასოვანი ცილა. ფქილის ლიპიდები შეიცავენ ცხიმებს, ფოსფოლიპიდებსა და ფიტოსტერინებს. შეუცვლელი უჯერი ცხიმოვანი მჟავები (ლინოლისა და ლინოლენის) შეადგენს ცხიმის ნახევარზე მეტს. ფუტკრის ფქილის ანტიბიოტიკები მცენარეული წარმოშობისაა, ნაწილი კი, როგორც ჩანს, წარმოიქმნება ან გარდაიქმნება ფუტკრის ორგანიზმში. ფერმენტებიდან იდენტიფიცირებულია ამილაზა, ინვერტაზა, კატალაზა, ფოსფატაზა, რომლებიც აკატალიზებენ ორგანიზმში ქიმიურ რეაქციებს.
6.1. ფქილის შეგროვება და შენახვა
ფუტკარი ყვავილის ფქილს აგროვებს აპრილში, მაისსა და ივნისში. ფუტკრის ფქილის შეგროვება ხორციელდება სხვადასხვა კონსტრუქციის ფქილის დამჭერებით, რომლის მუშა ორგანოა პლასტმასის ფირფიტა მრავალი მრგვალი ან ვარსკვლავისებური ნახვრეტებით, დიამეტრით 4-5 მმ. ნედლი ფქილი შეიცავს 30 %-მდე წყალს, ადვილად ფუჭდება და მალე ხდება უვარგისი. ამიტომ აუცილებელია მისი ტენიანობის შემცირება ≈8 %-მდე. ლაბორატორიულ პირობებში წინასწარ აწონილ ფქილს ვათავსებდით თეთრ ქაღალდზე და 20°–250°C ტემპერატურაზე ვაშრობდით. პირველ დღეს ვტოვებდით ღიას, შემდეგ ვახურავდით ზემოდან თეთრ ქაღალდს და ყოველ 2-3 საათში ვურევდით ხის კოვზით. დაახლოებით 3-4 დღეში ფქილის სინესტე მცირდებოდა 8–10 %-მდე (ამას ვადგენდით განმეორებითი აწონვით). დიდ რაოდენობას კი ვაშრობდით საშრობ კარადაში. ეს პროცესი გრძელდება 10-12 საათი (t=37°–420°C). თანაბრად და სწორად გამშრალ ფქილს ვათავსებდით ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში და ვინახავდით 0°C ტემპერატურაზე მშრალ ადგილას. თუ დაფასოება ხდება CO2-ის არეში, ფქილი შეიძლება შენახულ იქნას ოთახის ტემპერატურაზე. ახლადშეგროვილი ფქილი შეიცავს ბიოაქტიური ნივთიერებების მაქსიმალურ რაოდენობას. დადგენილია, რომ 4-დან 6 თვის შენახვის შემდეგ ის კარგავს 30%- მდე სამკურნალო თვისებებს, ერთი წლის შემდეგ (50 %-მდე, 2 წლის შემდეგ კი ის არ წარმოადგენს არავითარ ფასეულობას. განსაკუთრებით ლაბილურები არიან კაროტინოიდები, ქლოროგენის მჟავა, ფლავონოიდებიდან ლეიკოანტოციანები და ფლავონოლები. შენახვის საუკეთესო ხერხია: ფქილის დაფქვა და თაფლთან შერევა პროპორციით 1:1 ან 1:2-თან და ისე შენახვა. მედიკო-ბიოლოგიური გამოკვლევებით დადგენილია, რომ პროფილაქტიკისათვის შეიძლება რეგულარულად (ყოველდღიურად) ფქილის მიღება 15-20გ ოდენობით მოზარდებისათვის და 5-10 გ ბავშვებისათვის 1–2 საათით ადრე ჭამამდე (Уроженко О.А., 2003).
6. 2. ფუტკრის ფქილის ბიოლოგიური მოქმედება (სამკურნალო-კვებითი თვისებები)
სამკურნალო, პროფილაქტიკური მიზნით ან დიეტოლოგიაში ფუტკრი ფქილის გამოყენებისას უნდა იქნას გათვალისწინებული მისი კომპონენტების ბიოქიმიური მახასიათებლები. აღნიშნული პროდუქტი როგორც ცილის წყარო ხასიათდება გამოხატული ანაბოლიტური მოქმედებით. ფუტკრის ფქილი ამაღლებს სისხლის წითელი ბურთულების რაოდენობასა და ჰემოგლობინს სისხლში 10-15 %-ით. ეს ბიომასტიმულირებელი მოქმედება განსაკუთრებით გამოხატულია ბავშვებში, ამის გარდა უმჯობესდება ორგანიზმის საერთო ფიზიოლოგიური მდგომარეობა და ბავშვის ორგანიზმის წინააღმდეგობა, რაც ამცირებს გაცივების სიხშირეს. ამ დროს არ აღინიშნება ალერგიული რეაქციები და სხვა მეორადი მოვლენები. ფუტკრის ფქილი არეგულირებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას. ფქილის ფერმენტები (ამილაზა, კატალაზა და სხვა) ასტიმულირებენ კუჭის სეკრეციას და ხელს უწყობენ ნაწლავების პერისტალტიკის ნორმალიზაციას, ახორციელებენ საკვების ეფექტურ ტრანსპორტს. ფქილის ზეგავლენით მცირდება ტრომბოციტების აგრეგაცია. ის ამცირებს ასევე ლიპიდთა მეტაბოლიზმის დარღვევას და ამავდროულად იცავს ღვიძლს ინტოქსიკაციისაგან. ფქილი აძლიერებს იმუნურ სისტემას, არეგულირებს ნერვული სისტემის ცხოველმყოფელობას. მაღალი კვებითი ღირებულების გამო ფქილი გამოიყენება ანემიისა და თანხმლები დაავადებების დროს, დაბალი წონისას, ორგანიზმის აღსადგენად მძიმე ავადმყოფობის გადატანის შემდეგ.
7. მეფუტკრეობის საკვები ბაზა
მეფუტკრეობა სამკურნალო მცენარეთა პლანტაციისათვის, შეიძლება მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროდ იქცეს, რადგან მრავალი მცენარე კარგი თაფლოვანია.
სამკურნალო მცენარეების პლანტაციისათვის, სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, სერიოზული დამატებითი შემოსავალი შეიძლება შექმნას საფუტკრის მოწყობამ. აქ რის ორი მიმართულება:
მეფუტკრეობის პროდუქტების წარმოება ზოგადად
სამკურნალო მცენარეებისაგან მეფუტკრეობის პროდუქტების წარმოება
მიზნობრივი სამკურნალო მცენარეებისაგან ნაწარმოები მეფუტკრეობის პროდუქტები საერთაშორისო ბაზარზე, ელიტარული და ძვირადღირებული პროდუქტია. ამავე დროს, ამგვარი პროდუქციის წარმოება ძალიან რთულია რადგან იგი მოითხოვს ერთი სახეობის მცენარის გაშენებას უზარმაზარ ტერიტორიებზე. მართალია, ფუქტკრის პროდუქტიულ საკვებ ბაზად 2–3 კილომეტრიანი რადიუსი ითვლება, მარგამ იგი 5 კილომეტრს და მეტსაც დაფრინავს. მაგალითად: ვალერიანას თაფლი ძვირადღირებული პროდუქტია, მაგრამ ფუტკარი მის ყვავილს მხოლოდ მაშინ ეტანება, თუკი სხვა საკვები არა აქვს. ეს ნიშნავს – 5 – 8 კილომეტრიან რადიუსში მხოლოდ ვალერიანა უნდა იყოს გაშენებული. ვფუქრობთ, ამ მაგალითიან გასაგებია პრობლემები, რომლებიც იქმნება სამკურნალო მცენერეთაგან ფუტკრის პროდუქტების წარმოების ორგანიზებისას.
მიუხედავად ამისა, საქართველოში შესაძლებელია სამკურნალო მცენარეთაგან მეფუტკრეობის პროდუქტების წარმოება. აქ ძირითადად, უნდა დავეყრდნოთ რელიეფის ინდივიდიალურ თავისებურებებს.
ფუტკრისათვის პროდუქტიულ საკვებ ბაზად ორ – სამ კილიმეტრიან რადიუსში განთავსებული მცენარეები ითვლება. ეს პირველ შემთხვევაში 1250, ხოლო მეორეში 2800 ჰექტარია.
საკვებ ტერიტორიაზე განთავსებული სხვადასხვა მცენერეები, როგორც წესი სხვადასხვა პერიოდში ყვავის. სასურველია ტერიტორიაზე მცენარეების ისეთი სახეობები გაშენდეს, რომ რომელიმე სახეობა მუდმივად ყვაოდეს და ფუტლარს მუდმივად ქონდეს საკვები. ასეთ მცენარეებს სპეციალურად გეგმავენ და აშენებენ. ეს მეთოდი ცნობილია სალვები კონვეორეის სახელით.
ქართული ორნამენტები
17
Mar2021