ფილიალები
აქსის თაუერსის სავაჭრო ცენტრი, ჭავჭავაძის 37, თბილისი
თბილისი მოლი, აღმაშენებლის ხეივანი 16 კმ., თბილისი
გალერია თბილისი შოთა რუსთაველის 2/4, თბილისი

ბათუმი, ხიმშიაშვილის ქუჩა N 29
სითი მოლი საბურთალო, პ. ქავთარაძის 1, თბილისი
599 377 282
contact@oldsupra.ge
ორშ - კვირ / 10:00AM-დან 10:00PM -მდე
Back

ქართული დამწერლობა

კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარი უდაოდ დამწერლობის შექმნაა.

მისმა გამოგონებამ ადამიანი განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანა და ამა თუ იმ ერის იდენტობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელიც გახდა. 

სხვადასხვა ხალხები დამწერლობას მრავალი საუკუნის განმავლობაში, ისტორიული ქარტეხილების კვალდაკვალ ქმნიდნენ და ამიტომაც ითვლება ის კაცობრიობის უმთავრეს მონაპოვრად.

მიუხედავად გავრცელებული აზრისა, რომ მსოფლიოში 14 ანბანური დამწერლობა არსებობს, ზუსტი რიცხვის დასახელება მაინც რთულია, რადგან არ გვაქვს კლასიფიკაციის ერთიანი სისტემა.

მსოფლიო დამწერლობების ჩამონათვალში თავის ღირსეულ ადგილს ქართული დამწერლობა იკავებს, რომლის მთავარი ნიშა მისი თვითმყოფადობაა. ამასთან ერთად, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტსაც, რომ ისტორიის მანძილზე ქართველებმა სამი სახის დამწერლობა შექმნეს, კიდევ უფრო თვალშისაცემი ხდება რა დიდი კულტურული მემკვიდრეობა დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა ქართული დამწერლობის სახით.

ქართულმა ანბანმა არსებობის ხანგრძლივი და საინტერესო გზა განვლო. მისი წარმოშობის საკითხი მეცნიერებს შორის დღემდე სადაოა, რადგან არ არსებობს ერთიანი მოსაზრება ანბანის შემქმნელისა და შექმნის პერიოდთან დაკავშირებით, შესაბამისად მათ მიერ წარმოდგენილი თეორიებიც განსხვავებულია.

ლეონტი მროველი ანბანის შექმნას ქათლის პირველ მეფეს ფარნავაზს მიაწერდა –„ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენაი ქართული, და არღარა იზრახებოდა სხუაი ენაი ქართლსა შინა თუინიერ ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობაი ქართული” (ქართლის ცხოვრება, I).

ივანე ჯავახიშვილი ქართული დამწერლობის შექმნის პერიოდად ძვ.წ.აღ – ის  VII -VI საუკუნეებს ასახელებდა, და მის საფუძვლად სემიტურ დამწერლობას მიიჩნევდა. ამ მოსაზრებას სხვა ქართველი თუ  უცხოელი მკვლევრებიც იზიარებდნენ და ქართული დამწერლობის სემიტურიდან, მათ შორის ფინიკიურ – არამეულიდან, მომდინარეობას ეთანხმებოდნენ.

დამწერლობათმცოდნე რამაზ პატარიძე ვარაუდობს, რომ ქართული ანბანი ძველი კოლხეთ-იბერიის ხუცესთა მიერაა შექმნილი, და პირველადი (წერითი) ფუნქციის გარდა კალენდარული ანუ დრო-ჟამის ათვლის დანიშნულებაც ჰქონდა.

მეცნიერთა მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ქართული დამწერლობის საფუძველი შესაძლოა ბერძნული ანბანი ყოფილიყო.

ცალკე კვლევის საგანია მისი წარმოშობის პერიოდი. მეცნიერთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ ანბანი საქართველოში ქრისტიანობის შემოღების შემდეგ შეიქმნა, თუმცა ამ თეორიას მოწინააღმდეგეებიც მრავლად ჰყავს. მათი აზრით, ქართული დამწერლობა გაცილებით ძველია და ქრისტიანობამდელი დამწერლობის ძეგლები, სავარაუდოდ, წარმართული კერპების და სხვა კულტურული ელემენტების მსგავსად, ახალი რელიგიის შემოსვლასთან ერთად განადგურდა.

ქართულმა დამწერლობამ განვითარების 3 საფეხური გაიარა – ასომთავრული (V-IX/X სს.), ნუსხური (IX-XI სს.) და მხედრული (IX/XI -XXI სს.). თითოეული მათგანი ასოების მოხაზულობით იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ერთი შეხედვით 3 სხვადასხვა დამწერლობად აღიქმება. სინამდვილეში პირველმა მეორე წარმოშვა, მეორემ კი მესამე.  აღსანიშნავია, რომ ახალი ანბანის წარმოშობა ძველის მივიწყებას არ ნიშნავდა და ისინი ერთმანეთის გვერდიგვერდ ჰარმონიულად თანაარსებობდნენ – „ასოთა ახალი მოხაზულობის გაჩენასთან ერთად ძველი მაშინვე არ ისპობოდა, არამედ ორივე მოხაზულობა, ხშირად კარგა ხანს, ერთსა და იმავე დროს სუფევდა ხოლმე იმგვარადვე. ახალი მოხაზულობის საბოლოო გამარჯვების შემდგომაც, მიყრუებულ კუთხეებსა და კონსერვატიულ წრეებში შეიძლება ისევ ძველი მოხაზულობის ასოები ეხმარათ“ – აღნიშნავდა ივანე ჯავახიშვილი.

საერთო წარმოშობის მიუხედავად, ჩვენთვის – თანამედროვე ქართველებისთვის, რომლებიც მხედრულ ანბანს ვფლობთ, ცოდნის გარეშე ასომთავრული თუ ნუსხური ანბანით დაწერილი ტექსტების წაკითხვა შეუძლებელია.

ქართული დამწერლობის ყველაზე ადრეული ძეგლები ასომთავრულითაა დაწერილი, ამიტომ სწორედ ის მიიჩნევა უძველეს სახეობად. ასომთავრული და ნუსხა – ხუცური ანბანით სასულიერო ლიტერატურა იწერებოდა, ხოლო მხედრული ანბანი ერის წიაღში წარმოიშვა და საერო ლიტერატურისთვის გამოიყენებოდა.

ქართულმა დამწერლობამ, საქართველოს ისტორიის მსგავსად, უამრავ ძნელბედობას გაუძლო და დღემდე შემოინახა უძველესი ხელნაწერები, სასულიერო თუ საერო ლიტერატურის ნიმუშები, რომლებიც ჩვენი ერის მრვალსაუკუნოვან ისტორიას გვიყვება.

2016 წელს UNESCO – მ ქართული დამწერლობის სამივე სახეობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა.

„ძველი სუფრის“ კოლექციაში გამორჩეულ ადგილს იკავებს სუფრა „დამწერლობა“, რომლის დიზაინზე სამივე სახეობის დამწერლობასთან ერთად, წარმოდგენილია სხვადასხვა ელემენტები ქართული კულტურული მემკვიდრეობიდან:

  • სამოსის ორნამენტი ფრესკიდან „ბექა და სარგის II ჯაყელები, XIV ს;
  • ფრაგმენტი თამარ მეფის მანდილიდან; XIII ს;
  • “ლურჯი სუფრის” კანტის ელემენტი კახური ფარდაგიდან;
  • ასომთავრული საზედაო მხატვრული ასოები ხელნაწერიდან – მოქვის ოთხთავი;
  • კალიგრაფ დავით მაისურაძის მხედრული ანბანის ფონტი.

წყაროები:

დავით მაისურაძე „დამწერლობა. 100 ამბავი“

სოფიო კინწურაშვილი „ქართული დამწერლობა და ტიპოგრაფიკა“

https://artsandculture.google.com/story/dgVREzi41T85Jg?fbclid=IwAR05VsZsHU0f56bzCIeyLR3h1YfdbL0qpvG-QHzr8Gvm_3Fgcs5ST1mZMaI