სუფრა აფხაზეთი არის ნატვრა ხელოვნების, რომელიც ძველს აცოცხლებს და ახალს ჰქმნის.
მისი თითოეული ორნამენტი თავის თავში ატარებს იმ ტკივილსა და სიამაყეს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აფხაზეთის მიწას ჩაესახლა. სუფრის დიზაინის მთავარი მოტივები და ორნამენტები, ძირითადად, აფხაზეთის დანგრეული ტაძრებიდანაა აღებული, რომლებიც ოდესღაც ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას, რელიგიასა და თვითმყოფად ხასიათს ემსახურებოდა.
მაგალითად, ბიჭვინთის ტაძრის მოზაიკური მხატვრობა, რომლითაც შემკული იყო მეოთხე საუკუნის სამნავიანი ბაზილიკის იატაკი, რაც სუფრის დიზაინის დეტალებშია წარმოდგენილი. მრავალი საუკუნის მანძილზე ეს ტაძარი აფხაზეთის სულიერების სიმბოლოდ ითვლებოდა. მისი ფორმები თითქოს ხელახლა იბადებიან სუფრის დიზაინზე და ქმნიან განცდას სიახლოვისა კუთხესთან, რომლის პულსსაც ზღვა გადმორეკავს ხოლმე ტალღებით.
სუფრის დიზაინის მთავარი დეტალი სწორედ ბიჭვითის ტაძრის გუმბათია, რომელიც სუფრაზე ზედხედით დაკვირვებისას კარგად იკითხება.
ასევე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი, გუმბათიანი ტაძარი, რომლის უძველესი ფრესკებიდან ავიღეთ ჩუქურთმები, რაც სუფრის დიზაინის ერთ-ერთი მთავარი მოტივია.
დიზაინზე, ასევე, წარმოდგენილია ფრაგმენტები აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობიდან: ქვაზე კვეთილი ორამენტები ბედიის მონასტრის ნანგრევებიდან, რომელიც თარიღდება X საუკუნით; ბაგრატ მესამეს პირადი სამკაული ბედიის მონასტრიდან და ილორის წმინდა გიორგის ტაძრის ფრესკების ელემენტები – დათარიღებული XI საუკუნით.
ერთ-ერთი მანდარინის ორნამენტი დრანდის ტაძრის გუმბათის მიხედვით შეიქმნა. თითქოს, ეს პატარა ციტრუსი, რომელიც ერთ დროს აფხაზეთის ბაღებს ალამაზებდა, ახლა ტაძრის დაკარგულ გუმბათს აღადგენს, კრავს და უბრუნებს პირველად ფორმას, იმ დროინდელს, როდესაც მზე ათბობდა წმინდა ტაძრის მოელვარე, ცისკენ აღმართულ გუმბათს. თითქოს აფხაზეთის ცა ისევ მოწმენდილი და მზიანი იყოს და ბიჭვინთასა და ეშერას ისევ აბრუებს ზაფხულის მხიარული შეძახილები ზღვის სანაპიროდან ტროპიკული ქუჩების გავლით.
ამ ორნამენტით, სუფრა ღრმა კავშირს ამყარებს ჩვენი წარსულის ძეგლებთან და არქეტიპებთან, როგორც ძველი ტაძრები დღესაც გადმოსცემენ თავიანთი ნანგრევებიდან დიდებასა და საიდუმლოს.
არც ფერების პალიტრა არის შემთხვევითი – ნარინჯისფერი მანდარინი, მწვანე ფოთლები და ზღვის ლურჯი ტალღები ასახავს აფხაზეთის სუბტროპიკულ ბუნებას და სიმბოლურად მიგვითითებს განცდაზე, რომ ეს არის მხარე, სადაც მზე მარადიულია.
და მაინც, არსებობს ქალაქი, ჩვენი მხარე, სადაც გორაკებსა და მწვანე ხეებზე შერჩენილი შენობები კვლავ ცოცხლობენ.
სუფრა “აფხაზეთი” – ეს არის ჩვენი მოგონებები, ჩვენი ტკივილი და სიამაყე, გადმოცემული, ერთი შეხედვით ხალისიან, მაგრამ ღრმა დიზაინში.